მეცადინეობა 6. კომუნიკაციის უნარები პოლიტიკური დიალოგისთვის

მეცადინეობის მიზნები:

  • 1) მონაწილეები იგებენ, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ და გვესმის, სულაც არაა ის, რაც ზოგჯერ გვგონია (ამის გაგებაში მათ დაეხმარებთ ფრიდემან ფონ შულცი ტუნის შეტყობინების აღქმის 4 დონის მოდელი [5]);
  • 2) სწავლობენ განასხვაონ დაკვირვების, აღწერის, ინტერპრეტაციის, შეფასების დონეები და აცნობიერებენ მათ შორის განსხვავებას;
  • 3) საკუთარი პოზიციის არგუმენტირების უნარის განვითარება;
  • 4) ისწავლონ მოსმენა და მოსმენილის აღქმა.
  • 5) გააანალიზებენ სხვების არგუმენტებს და ჩამოაყალიბებენ კონტრარგუმენტებს.

საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:

  • ფლიპჩარტი, მარკერები ან სხვა მასალა პრეზენტაციებისთვის;
  • 4 განსხვავებული ფერის ბარათი ან ქაღალდის ფურცელი (უმჯობესია А4 ზომის);
  • ყველა მონაწილისთვის სუფთა ბარათები ან ფურცლები და კალმები;
  • ნივთი, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებად ან საერთოდ უცნობია მონაწილეებისთვის;
  • სივრცე, საკმარისი იმისთვის, რომ შესრულდეს სავარჯიშო;
  • ბარათები ცნებებით ყველა მონაწილისათვის;
  • ბარათები მტკიცებულებებით ყველა მონაწილისათვის.

 

საჭირო დრო: დაახლოებით 6 საათი

ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/წამყვანს

ქვემოთ მოცემული სავარჯიშო ემსახურება საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. აქტიური მოსმენა და არგუმენტირება იძლევა გამოთქმულის მრავალაზროვნების და გაგონილის გაგების შესაძლებლობას. ამისათვის აქ მოცემულია რამდენიმე სავარჯიშო, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს ცალ-ცალკეც, რის გამოც რეფლექსიის შესაბამისი ნაბიჯები მოცემულია უშუალოდ ყოველი სავარჯიშოს ბოლოს. უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ, მაგალითად, მითითებულ წყაროებში  [1; 2; 3; 4; 5].

მეცადინეობის მსვლელობა

სავარჯიშო 1. „ოთხი ყურის“ მოდელი

ნაბიჯი 1. წარმოვადგენთ „ოთხი ყურის“ მოდელს - ინფორმაციის აღქმის 4 დონეს ([5], იხ. ასევე დანართი) შესაბამისი მაგალითების მოყვანით, რომელიც აჩვენებს, რომ ერთი და იგივე გამონათქვამი შეიძლება განსხვავებულად აღიქვან - შულც ფონ ტუნის მოდელის თანახმად, შემდეგ დონეებზე:

  • ფაქტი (საგნობრივი დონე = რა ინფორმაციას გვაწვდის?);
  • მოწოდება (რის მიღწევას ცდილობენ ამ ინფორმაციით?);
  • გულწრფელობა (რისი თქმა უნდათ საკუთარ თავზე?);
  • დამოკიდებულება (რას ფიქრობენ სხვებზე ან რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან?).

კლასიკური მაგალითი: ქალი მართავს მანქანას, ქმარი ზის გვერდით და ამბობს: „ნახე, წინ მწვანეა“ (შეიძლება განსხვავებული ინტონაციითაც):

  • ფაქტი - შუქნიშანი აჩვენებს, რომ მოძრაობა დასაშვებია;
  • მოწოდება - „დაიძარი! რაღას უცდი?“;
  • გულწრფელობა - „მე მეჩქარება, მინდა, რომ სწრაფად ვიაროთ“;
  • დამოკიდებულება - „შენ ჩემთან შედარებით შენელებული რეაქცია გაქვს“.

მოთელვისა და ამ მაგალითის უკეთ გასაგებად შეიძლება ითამაშოთ (5-10 წუთი).

  1. ორი მოხალისე ჯდება ჯგუფის წინ სკამებზე.
  2. მგზავრი ამბობს ფრაზას მაგალითიდან: ‘წინ მწვანე ანთია“.
  3. მძღოლი რეაგირებს იმის მიხედვით, თუ როგორ გაიგო მან ეს ფრაზა.
  4. პუბლიკას (დანარჩენ მონაწილეებს) ეკითხებიან, რომელ დონეზეა „ოთხი ყურის“ მოდელი? მათი აზრით, თუ გაიგო მძღოლმა საწყისი ნათქვამი და რატომ?
  5. ამის შემდეგ მოხალისეები (ან რომელიმე მათგანი) შეიცვლება სხვა მონაწილეებით. სიტუაციას გაითამაშებენ კიდევ რამდენიმეჯერ, მაგალითად, საწყისი გამონათქვამის ინტონაციის ან სხეულის პოზის ან კიდევ რაიმე სხვის შეცვლით, რომ თვალსაჩინო გახდეს განსხვავება.

ალტერნატივის სახით მონაწილემ შეიძლება მოიყვანოს საკუთარი მაგალითი, ადაპტირებული, მონაწილეთა რეალობისთვის.

ნაბიჯი 2. ოთხი განსხვავებული ფერის ბარათზე (უმჯობესია А4 ფორმატის) წერენ 4 დონეს შულც ფონ ტუნის მოდელის მიხედვით. თითო დონე -თითო ფურცელზე, გარკვევით, დიდი ასოებით (იხილეთ დანართი). ეს ბარათები შეიძლება გამოიყენოთ ნათქვამის ვიზუალიზაციისთვის, ასევე შესავალ წარმოდგენაში (ნაბიჯი 1). ეს ბარათები უნდა დამაგრდეს ოთხკუთხედი ოთახის ოთხ მოპირისპირე კედელზე, თვალის დონეზე (ან ცოტათი მაღლა). მიიღება ერთგვარი კომპასი.

ნაბიჯი 3. წამყვანი თხოვს ყველა მონაწილეს, ადგნენ. თუ ოთახში არის, მაგალითად, სკამები, უმჯობესია გვერდით გაწიოთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ და თავისუფლად შეიძლებოდეს გადაადგილება ოთხივე ბარათს შორის. ამის შემდეგ მონაწილეებს თხოვენ, მივიდნენ ბარათებთან იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამენ ნათქვამს: როგორც ფაქტს საგნობრივ დონეზე, როგორც მოწოდებას, გულწრფელობას თუ როგორც დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, შეიძლება გაჩერება განსხვავებულ დონეებს შორისაც.

 ნაბიჯი 4. ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამები იკითხება სათითაოდ (შეძელებისდაგვარად, წამყვანის მიერ). განსხვავებულ შემთხვევებში შეიძლება განსხვავებული ინტონაციის, ჟესტიკულაციის ან სხვ. გამოყენება. ყოველი გამონათქვამის შემდეგ მონაწილეები იკავებენ შესაბამის ადგილს, ოთხ კედელზე  დამაგრებულ ოთხ ბარათზე ორიენტაციით. ეს უნდა გააკეთონ უხმოდ, კომენტარებისა და დამატებითი განმარტებების გარეშე. მაგრამ ნუ იქნებით ძალიან მკაცრი, რადგან სხვების ხმოვანი რეაქციები შეიძლება დაეხმაროთ მონაწილეებს გაიგონ, როგორ აღიქვეს ნათქვამი სხვებმა.

შესაძლო გამონათქვამები:

  • დრო არ გვაქვს.
  • თქვენ უნდა აირჩიოთ.
  • მე დავიღალე.
  • მეტი აქტიურობა გჭირდებათ!
  • ამის კრიტიკა უაზრობაა.
  • ეს ძალიან არაკონკრეტულია.
  • მე წინააღმდეგი ვარ.
  • ეს უნდა მოაშოროთ აქედან.
  • მე მომწონს ახლანდელი ხელმძღვანელობა.
  • არის კი ალტერნეტივა?
  • თვითონ უნდა გამეკეთებინა.
  • არის შეკითხვები?
  • კიდევ ვის აქვს შეკითხვა?
  • ახლა შეგიძლიათ დასვათ თქვენი შეკითხვები.
  • ახლა თქვენი შეკითხვების დროა.

შეგიძლიათ ეს გამონათქვამები სურვილის მიხედვით გაამრავალფეროვნოთ, შეცვალოთ ან შეავსოთ.რეკომენდებულია მისი ადაპტირება მეცადინეობის კონტექსტის შესაბამისად, რომ უფრო მეტად სახალისო გახადოთ.

თითოეული გამონათქვამის შემდეგ სჭიროა მონაწილეებს მისცეთ ცოტა დრო, რომ დაიკავონ თავიანთი ადგილი და ნახონ, სად დგანან სხვა მონაწილეები.

რეფლქსია. საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ მისცეთ დრო მონაწილეებს ან რამდენიმეს მაინც, რომ განმარტონ თავიანთი პოზიცია, ან უბრალოდ, გაუზიარონ სხვებს აზრები ყოველი გამონათქვამის შემდეგ. ეს დაეხმარება მათაც და სხვა მონაწილეებსაც, რომ უკეთ გაიგონ აღქმის განსხავებული დონეები. 

თუ მონაწილეები სავარჯოშოს დასრულებამდე ვერ მიხვდებიან, აუცილებელია აღნიშნოთ, რომ მონაწილეები ერთი და იგივე გამონათქვამებს აღიქვამდნენ აშკარად განსხვავებულად. რეფლექსიის დროს დამხმარე შეკითხვები:

  • როგორ გრძნობდით თავს?
  • რაზე მიანიშნებს ეს?
  • სად შეიძლება გამოგადგეთ ეს რეალურ ცხოვრებაში და რას ნიშნავს ეს ჩვენი კომუნიკაციისთვის?

სავარჯიშო 2. უცნობი ნივთი

ნაბიჯი 1. წამყვანი დებს ნივთს ჯგუფის წინ ისე, რომ ყველას შეეძლოს მისი დანახვა. (უმჯობესია, ეს იყოს მონაწილეებისთვის საერთოდ უცნობი ან ნაკლებ ნაცნობი ნივთი). შეიძლება ასევე, გეჭიროთ ხელში და აწიოთ მაღლა ან გადააწოდოთ ერთმანეთს წრეზე, რომ ყველამ შეძლოს მისი დათვალიერება.

ნაბიჯი 2. მონაწილეებს თხოვენ დაწერონ ბარათზე ან ქაღალდის ფურცელზე პასუხები (თითო პასუხი თითო ბარათზე) შეკითხვაზე:

  • რას ხედავთ?

ნაბიჯი 3. მონაწილეები ინდივიდუალურად წერენ პასუხებს ცალ-ცალკე ბარათებზე. თითოეულს შეუძლია, დაწეროს რამდენი პასუხიც უნდა და აიღოს ამისთვის იმდენი ბარათი, რამდენიც დაჭირდება.

ნაბიჯი 4. წამყვანი აგროვებს ბარათებს და სათითაოდ აჩვენებს ჯგუფს. ამისთვის ჯობია, გამოართვას ბარათი მონაწილეს და დაიჭიროს ისე, რომ ყველა ხედავდეს მასზე დაწერილ პასუხს. თითოეულ პასუხზე მონაწილეებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, ეს არის აღწერა, ინტერპრეტაცია თუ შეფასება. წამყვანი მოდერირებას უწევს პროცესს. ბარათები დალაგდება კატეგორიების მიხედვით, მაგ. მაგრდება კედლებზე სამ სვეტში შესაბამისი წარწერის ქვეშ. თუ ღრმად არ შეიჭრებით დისკუსიაში, ეს სავარჯიშო, მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, შეიძლება გაგრძელდეს 20-30 წუთი. სიღრმისეული დისკუსია, რა თქმა უნდა, გაზრდის სავარჯოშოს პროცესს.

რეფლექსია. წამყვანის შეკითხვები მონაწილეებს

  • როდესაც ნახავთ პასუხების განაწილებას სამ კატეგორიაში: აღწერა, ინტერპრეტაცია და შეფასება - რა დასკვნამდე მიდიხართ, შეკითხვის გათვალისწინებით სავარჯიშოს დასაწყისში, რომელიც ასე ჟღერდა......?

აქ, აზრი აქვს, არ გაიმეოროთ საწყისი შეკითხვა და ჩამოაყალიბოთ ეს წინადადება დასრულების გარეშე, რათა გაიგოთ, რა შეკითხვა დაიმახსოვრეს მონაწილეებმა. ამ სავარჯიშოში ჯობია ეს საწყისი შეკითხვა არ დაწეროთ და არ დატოვოთ გამოსჩენ ადგილზე, თუმცა შეგიძლიათ ის რამდენჯერმე უცვლელად გაიმეოროთ.

ხშირად პასუხების რაოდენობა კატეგორიებში „ინტერპრეტაცია“ ან „შეფასება“ აღემატება პასუხების რაოდენობას კატეგორიაში „აღწერა“. ამ ფაქტის განსახილველად რეკომენდებულია, შეეკითხოთ მონაწილეებს:

  • რა პასუხს გულისხმობდა საწყისი შეკითხვა? (ხომ არ გვთავაზობდა საწყისი შეკითხვა მხოლოდ დაკვირვებას?) რას გვიჩვენებს შედეგები?
  • სად შეიძლება გამოგადგეთ ეს რეალურ ცხოვრებაში და რას ნიშნავს ეს ჩვენი კომუნიკაციისთვის?

 სავარჯიშო 3.ოქსფორდის დებატები

მომზადება. დებატებისთვის მოსამზადებლად 1 და 2 სავარჯიშოს გარდა რეკომენდებულია ქვემოთ მოცემული ბლოკების ჩატარებაც. ისინი ჩეიძლება ჩატარდეს როგორც ცალკე ტრენინგი სხვა თემატურ კონტექსტში. ბლოკები დალაგებულია ლოგიკური თანმიმდევრობით და ამიტომ უნდა ჩატარდეს მითითებული თანმიმდევრობით.

ბლოკი 1. ცნების განსაზღვრა

მონაწილეები იღებენ თითო ბარათს ცნებების ბარათების ნაკრებიდან, არ უყურებენ და დებენ თავიანთ წინ ამობრუნებულად, პირით ქვემოთ. მონაწილე იღებს თავის ბარათს, კითხულობს მასზე დაწერილ ცნებას და მაგალითად, სანამ ადგება სკამიდან, აქვს დრო მოიფიქროს, როგორ შეიძლება  ჩამოაყალიბოს ეს ცნება. 1 წუთის განმავლობაში უხსნის სხვებს თავის ცნებას. ამის შემდეგ სხვა იღებს ბარათს და იგივენაირად, სანამ სკამიდან ადგება, ფიქრობს, რა შეიძლება თქვას ამის შესახებ. ფეხზე მდგარი 1 წუთის განმავლობაში უხსნის დანარჩენებს და ა.შ. მონაწილეებმა არ უნდა აიღონ თავიანთი ბარათები, სანამ მათი რიგი არ მოვა.

ცნებებად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი, რაც დაკავშირებულია მონაწილეების ინტერესებთან. რეკომენდებულია აირჩეს ისეთი ცნებები, რომლებიც დაკავშირებულია მეცადინეობის თემასთან, მაგ. არჩევნებთან დაკავშირებული: „ხმა“, „დელეგატი“, „დეპუტატი“, „კანდიდატი ქალი“, კოალიცია“, „ადგილი საარჩევნო სიაში“, „მანდატი“, „დამკვირვებელი“, „ოპოზიცია“, „პარლამენტი“, „პარტია“, „პლაკატი“, „ხმების დათვლა“, „მთავრობა“, „პროგნოზი“, „პროგრამა“, „წინასწარი შედეგები“, „ადგილების განაწილება“, „შედეგები“, „მასმედია“, „ურნა“, „არჩევნებში მონაწილეობა“, „ფრაქცია“ და ა.შ.

ბლოკი 2. არგუმენტირება

მტკიცებულებების ბარათების ნაკრებიდან მონაწილეები იღებენ თითოს და აქვთ 5 წუთი, რომ მოიფიქრონ შესაბამისი არგუმენტები/ არგუმენტების ჯაჭვი თავიანთი მტკიცებულებისთვის. ამის შემდეგ ისინი სათითაოდ გამოდიან ჯგუფის წინ და 2 წუთის განმავლობაში ცდილობენ, წარადგინონ მაქსიმალურად დამარწმუნებელი არგუმენტები საკუთარი მტკიცებულების გასამყარებლად.

მტკიცებულების სახითაც შეილება ნებისმიერის გამოყენება, რაც უკავშირდება მონაწილეების ინტერესებს. ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია მტკიცებულებების არჩევა იმ სფეროდან, რომელიც დაკავშირებულია მეცადინეობის თემასთან. მეცადინეობის ატმოსფეროს გამოსაცოცხლებლად, შეიძლება მონაწილეებმა წინასწარ დაწერონ ბარათებზე აბსურდული მტკიცებულებები და ისინიც შეერიოს წამყვანის მიერ მომზადებულ ნაკრებში.

ბლოკი 3. პერიფრაზირება

მონაწილეები იკრიბებიან სამ კაციან ჯგუფებში. 2 წუთის განმავლობაში მონაწილე არგუმენტებით ამტკიცება თავის პოზიციას რომელიმე საკითხზე. მეორე მონაწილე ყურადღებით უსმენს, აკეთებს მოსმენილი არგუმენტების პერიფრაზირებას, იწყებს სიტყვებით: „თუ მე სწორად გაგიგე, ...... „ და ცდილობს უარყოს მოცემული მტკიცებულება. მესამე აკვირდება და აფასებს პერიფრაზირების ხარისხს და კონტრარგუმენტების ლოგიკას. ამის შემდეგ მონაწილეები ცვლიან როლებს და სურვილის მიხედვით ირჩევენ ახალ საკითხს.

შეკითხვად შეიძლება ნებისმიერის გამოყენება, რაც უკავშირდება მონაწილეების ინტერესებს.  აქაც რეკომენდებულია მტკიცებულებები შეირჩეს მეცადინეობის თემასთან კავშირში, მაგ:

  • უნდა იყოს თუ არა არჩევნები ფარული?
  • არჩევნების წინ უნდა გაამჟღავნონ თუ არა კანდიდატებმა თავიანთი შემოსავალი?
  • უნდა რეგულირდებოდეს თუ არა მასმედიაში წინა საარჩევნო რეკლამა?
  • საჭიროა თუ არა ბარიერი, მაგ. 5 % პარტიის პარლამენტში მოსახვედრად?

ბლოკი 4. შინაარსი

დებატებისათვის მოსამზადებლად რეკომენდებულია შესაბამის ონლაინ თუ ოფლაინ წყაროებში საჭირო ინფორმაციის მოძიება. საჭირო ინფორმაციის მოძებნის გზა ყოველთვის დამოკიდებულია ინტერესთა სფეროსა და შესაძლებლობებზე. „არჩევნების“ თემისთვის მოსამზადებლად რეკომენდებულია, მაგალითად, იმ კანდიდატების ან პარტიების პროგრამების გაანალიზება, რომლებიც მონაწილობენ არჩევნებში. იხ. ასევე მეცადინეობა „ვაანალიზებთ კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს“) ამავე სახელმძღვანელოში.

ბლოკი 5. მეთოდი

დებატებისათვის მეთოდური მომზადებისთვის შეიძლება მეცადინეობის „საარჩევნო უფლების პრინციპები“ გამოყენება ამავე სახელმძღვანელოდან, კერძოდ კი I ეტაპის -„ვდებატობთ კანონპროექტის შესახებ“,  რომელიც იძლევა საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იმაზე, თუ რა არის დებატები.

დებატები

ნაბიჯი 1. მონაწილეები ქმნიან 4 კაციან ჯგუფებს.

ნაბიჯი 2. ყველა მცირე ჯგუფის მონაწილეები მეცადინეობიდან ან დებატებისთვის მზადებიდან ირჩევენ ერთ თემას, რომელზეც უნდათ დებატების გამართვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ამ თემის ირგვლივ შესაძლებელი იყოს შესაბამისი მტკიცებულების, როგორც დამოუკიდებელი თეზისის ფორმულირება.

 „არჩევნების“ თემაზე დებატებისთვის მოსამზადებლად შეიძლება კანდიდატების/პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებიდან ციტატების გამოყენება, მაგალითად:

  • განათლება უნდა იყოს უფასო;
  • სახელმწიფო ძალიან ხშირად ერევა ეკონომიკურ პროცესებში;
  • აუცილებელია დეკრეტული შვებულების თანხის გაზრდა;
  • მსოფლიო იქნება უფრო უსაფრთხო, თუ ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო დონეზე, ნაცვლად ჩვენი საგარეო კავშირების შესუსტებისა;
  • ჯანდაცვის სისტემა სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს, როგორც მოქალაქეთა სოციალური დაცვის ნაწილი;
  • სოციალური - ეს ისაა, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს.

ნაბიჯი 3. მინი ჯგუფების მიერ არჩეული თემებიდან შეირჩევა 2-3, რომლებზეც ჩატარდება დებატები (თემების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროის დათმობას აპირებთ დებატებისთვის, რამდენი დრო გაქვთ და რამდენი მონაწილეა). თითოეულ თემაზე ერთს აქვს მტკიცებითი პოზიცია, მეორეს - უარყოფითი. ამგვარად, ყველა გუნდი გადანაწილდება პოზიციაზე.

 „არჩევნების“ თემის არჩევისას რეკომენდებულია, რომ მცირე ჯგუფებმა იმუშაონ შეძლებისდაგვარად, მათი პოლიტიკური მოსაზრების მოწინააღმდეგე კანდიდატის/პარტიის პროგრამებსა და შესაბამის პოზიციებზე. მცირე ჯგუფის წევრები იქცევიან და მოყავთ არგემენტები სწორედ იმ კანდიდატის/პარტიის პოზიციიდან,  ვის მხარესაც ისინი გამოდიან დებატებში.

ნაბიჯი 4. 20 წუთის განმავლობაში მცირე ჯგუფები ამზადებენ არგუმენტებს დებატების თემისთვის და შესაბამისად, მცირე ჯგუფის ყველა წევრს აქვს ერთმანეთთან ურთიერთობა.

ნაბიჯი 5. ცხადდება პირველი დებატების თემა.  ორი მცირე ჯგუფი, ერთი და იგივე თემის ორი საწინააღმდეგო პოზიციიდან იწყებენ დებატებს. ისინი სხდებიან, მაგალითად, კათედრის ორივე მხარეს. დანარჩენი მონაწილეები აკვირდებიან დებატებს როგორც პუბლიკა და სხდებიან კათედრის წინ.

ნაბიჯი 6. ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით (იხ. ცხრილი) გამოდიან მცირე ჯგუფის წევრები და წარმოადგენენ თავიანთ პოზიციას: მტკიცებითს ან უარმყოფელს.

 

ცხრილი 1

ორი მინი ჯგუფის წარმომადგენლების გამოსვლების თანმიმდევრობა დებატებზე

მინი ჯგუფის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ

მტკიცებით პოზიციას

უარმყოფელ პოზიციას

მომხსენებელი 1 აყალიბებს თეზისს, თავის პოზიციას და მოყავს შესაბამისი არგუმენტები

მომხსენებელი 2 აკეთებს მოწინააღმდეგე გუნდის მომხსენებელი 1 პერიფრაზირებას და მოყავს კონტრარგუმენტები

მომხსენებელი 3 ასევე აკეთებს პერიფრაზირებას და ეყრდნობა 1 - 2 მომხსენებლების გამოსვლებს.

მომხსენებელი 4 ასევე აკეთებს პერიფრაზირებას და ეყრდნობა 1 -3 მომხსენებლების გამოსვლებს.

მომხსენებელი 5 ასევე აკეთებს პერიფრაზირებას და ეყრდნობა 1 -4 მომხსენებლების გამოსვლებს.

მომხსენებელი 6 ასევე აკეთებს პერიფრაზირებას და ეყრდნობა 1 -5 მომხსენებლების გამოსვლებს.

მომხსენებელი 7 ასევე აკეთებს პერიფრაზირებას და ეყრდნობა 1 -6 მომხსენებლების გამოსვლებს.

მომხსენებელი 8 ასევე აკეთებს პერიფრაზირებას და ეყრდნობა 1 -7 მომხსენებლების გამოსვლებს.

ყველა მომხსენებელს აქვს 2 წუთი თავისი არგუმენტების წარმოსადგენად. წამყვანი თვალს ადევნებს გამომსვლელების თანმიმდევრობის და დროის დაცვას და აწყვეტინებს, თუ მან დაარღვია რეგლამენტი. ამავდროულად, ატმოსფეროს გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ძალიან სიმკაცრე  , მაგ. მივანიშნოთ, როდესაც  მოხსენების დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 30 წამი ან გავაკეთოთ ისე, რომ ყველა ხედავდეს დროის ათვლას (ქვიშის საათი, სამზარეულოს ზარიანი საათი და სხვ). მონაწილეთა გამოცდილების და რაოდენობის მიხედვით შეიძლება ვცვალოთ მომხსენებელთა რეგლამენტი. მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს დრო არ უნდა იყოს 5 წუთზე მეტი.

ნაბიჯი 7. დამკვირვებელი მონაწილეები ყურადღებით ისმენენ და დებატების ბოლოს თანხმდებიან, რომელი არგუმენტების ჯაჭვი იყო უფრო დამაჯერებელი. ეს შეიძლება ადვილად გაკეთდეს, მაგალითად, თუ წამყვანი იკითხავს, ვინ თვლის, რომ მტკიცებითი გუნდი იყო უფრო დამაჯერებელი და ვინ თვლის - უარმყოფელი? დამკვირვებლები წევენ ხელს შეკითხვის შესაბამისად. ასევე, აფიქსირებენ თავის პასუხს კითხვაზეც: ვინ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ანუ თავი შეიკავა. საინტერესოა, ასევე, დებატების დაწყების წინ გამოვკითხოთ პუბლიკა ხელის აწევით, ვინ როგორ ემხრობა სადებატო დებულებას.

რეფლექსია. წამყვანის მიერ დასმული ამ შეკითხვების საშუალებით შეიძლება შეფასდეს, რა გამოცდილება მიიღეს დებატებში მონაწილეობით:

  • როგორ გრძნობდით თავს დებატების დროს და რატომ?
  • რა ისწავლეთ?
  • სად შეიძლება გამოიყენოთ მიღებული გამოცდილება?

 „არჩევნების“ თემის მაგალითზე:

  • რამდენად დაგეხმარათ დებატები გარკვეულიყავით კანდიდატის/პარტიის პროგრამის ფაქტებსა და არგუმენტებში?
  • თუ იცით დებატების შემდეგ, ვის მიცემდით ხმას?
  • თუ კი, რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში?
  • თუ შეგეცვალათ აზრი დებატების დროს?

 

წყარო
  1. ტრენერი. ჯგუფი. სემინარი: ახალგაზრდების განათლების სხვა გზა. ბერლინი:: MitOst e. V. 21, 2009. URL: http://mitost.org/editions/trenergrupaseminar.html (თარიღი: 10.10.2017).
  2. Gewaltfreie Kommunikation // Wikipedia : [сайт]. URL: https://de.wikipedia.org/wiki/Gewaltfreie_Kommunikation(თარიღი: 10.10.2017).
  3. Nonviolent Communication (NVC) in Action : [ფილმი]. Part 1 // Youtube : [сайт]. URL: https://www.youtube.com/watch?v=8ltr_JUkXiA(თარიღი:10.10.2017).
  4. Parenting with Nonviolent Communication (NVC) :[ფილმი]// Youtube : [сайт]. URL: https://www.youtube.com/watch?v=IQO7h9MNCqI(თარიღი:10.10.2017).
  5. Vier-Seiten-Modell // Wikipedia : [ვებგვერდი]URL: https://de.wikipedia.org/wiki/Vier-Seiten-Modell (თარიღი:10.10.2017).
დანართი

ფრიდემან შულც ფონი: ინფორმაციის აღქმის 4 დონე

 

სასწავლო გამოცემა

მეტი შეგვიძლია!

ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება

მეთოდური სახელმძღვანელო

რედაქტორები: მარიკა დალაქიშვილი

ინგა ბექაური