მეცადინეობა 3. სტერეოტიპები და დისკრიმინაცია

 მეცადინეობის მიზნები:

  • 1) მონაწილეებმა გააცნობიერონ, რა არის სტერეოტიპის არსი და რა გავლენა აქვს მას დისკრიმინაციის პროცესზე;
  • 2) გააანალიზონ, რა გავლენას ახდენს სტერეოტიპები და წინა განსჯები ყოველდღიურ ცხოვრებაზე;
  • 3) ემპათიის (თანაგანცდის) უნარის გამომუშავება და ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა სტერეოტიპების ნეგატიური გავლენის დასაძლევად;
  • 4) მონაწილეების მიერ სტერეოტიპების ალოგიკურობის გააზრება

საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:

  • დაფა, ფლიპჩარტი და ა.შ;
  • პროექტორი;
  • ლეპტოპი;
  • ვიდეოფილმები [1; 2; 3] (ვიდეო ფაილები ან ინტერნეტის ქსელი);
  • რეკვიზიტები სავარჯიშოსთვის „დეტექტივობანა“

საჭირო დრო: ორი 45 წუთიანი მეცადინეობა, სულ 90 წუთი

ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/ტრენერს

თუ მონაწილეთა ასაკი 12 წელზე ნაკლებია, შესაძლებელია დაგჭირდეთ 10-15 წუთით მეტი დრო.

ტერმინები

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio - განსხვავება) ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ცალკეული პირების, ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვის, ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება. (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3703 თარიღი: 10.10.2017წ)

სტერეოტიპი (ძვ. ბერძნ. στερεός და τύπος )  - ტერმინი სტერეოტიპი სტამბიდან წამოვიდა. ის მძიმე საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავს, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემდეგ ძნელად იცვლება. ასეთივე, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა აქვს მას სოციალურ ფსიქოლოგიაშიც. ზოგიერთ შემთხვევაში ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას. (Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4662 თარიღი: 10.10.2017წ)

 

მეცადინეობის მსვლელობა

ნაწილი 1

I ეტაპი. გამოწვევა (პროვოცირება)

მონაწილეებს ვუხსნით სამუშაო თემას და მიზანს. ვთხოვთ, გონებრივი იერიშის მეთოდით განმარტონ ტერმინი „დისკრიმინაცია“. პასუხები იწერება დაფის ერთ მხარეს. დაფის მეორე მხარეს დაიწერება სავარაუდო განმარტებები ტერმინზე „სტერეოტიპი“. შემდეგ ვთხოვთ, გაიხსენონ, დისკრიმინაციის რა შემთხვევები ახსოვთ ისტორიიდან ან მასმედიის ინფორმაციით.

ვთხოვთ დაფიქრდნენ, რა არის, მათი აზრით, დისკრიმინაციის მიზეზი. მონაწილეთა პასუხებს ვაფიქსირებთ დაფაზე. თუ მათ პასუხებში არ გამოიკვეთება, ვუსვამთ მიმართულ შეკითხვებს (ნავოდიაშიე ვოპროსი) რომელიმე მხარის პრივილეგირებულის, უპირატესობის განცდის არსებობის შესახებ:

  • ხომ არ აქვს რომელიმე მხარეს განცდა, რომ თვითონ არის უპირატესი/უკეთესი?
  • ხომ არ თვლის რომელიმე მხარე, რომ მეორემ მას უნდა დაუთმოს, რადგან ის რაღაცით მასზე ნაკლებია, უარესია?
  • თუ გახსენდებათ ასეთი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიიდან? (თუ თვითონ არ გაახსენდებათ, შევახსენოთ ფაშიზმი, ანტისემიტიზმი, აპარტეიდი)
  • რამდენად შესაძლებელია, თქვენზე მოახდინოს გავლენა სხვების აზრებმა და თქვენ გახდეთ „მოძალადე“?

 

II ეტაპი. ცოდნის კონსტრუირება

მონაწილეებს ვეუბნებით, რომ გავაცნობთ და ვაჩვენებთ ცნობილ სასწავლო ექსპერიმენტს, რომელიც თავის მესამე კლასელ მოსწავლეებთან ჩაატარა პედაგოგმა ჯეინ ელიოტმა. მოკლედ ვუხსნით ექსპერიმენტის წინა პირობას.

ჯეინ ელიოტი - ამერიკელი სკოლის მასწავლებელი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ფაშიზმთან ანტისემიტიზმთან და ლგბტ უფლებების დამცველთა აქტივისტი. მან შეიმუშავა ცნობილი სავარჯიშო „ციფერთვალები/ყავისფერთვალები“, რომელიც პირველად ჩაატარა მე-3 კლასის მოსწავლეებთან 1968 წლის 5 აპრილს, მარტინ ლუთერკინგის მკვლელობის მეორე დღეს. სვარჯიშოს მიზანი იყო, რომ შეეგრძნოთ მის მოსწავლეებს უმცირესობაში ყოფნის განცდა. ეს სავარჯიშო და შემდეგ მის შესახებ პოლემიკა ასახულია დოკუმენტურ ფილმებში «Eye of the Storm» (1970) და «A Class Divided» (1985). ელიოტის შრომამ საფუძველი ჩაუყარა მის კარიერას და „მრავალფეროვნების სწავლებას“ და აღინიშნა უამრავი ჯილდოთი, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ასოციაციის ჯილდოთი „განსაკუთრებული მიღწევებისთვის განათლების სფეროში“. 

 (საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით გამოიყენოთ ექსპერიმენტის წერილობითი შინაარსი, თუმცა მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ნახონ ეს ექსპერიმენტი!)

მონაწილეებს ვთხოვოთ,  ამ დოკუმენტური კადრების ყურების პროცესში, იფიქრონ დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებს შორის შესაძლო კავშირზე და ვაჩვენებთ ექსპერიმენტს.

ფილმის ნახვის შემდეგ თხოვეთ მონაწილეებს, გამოთქვან თავიანთი აზრი საკითხებზე:

  • როგორ ფიქრობთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მოსწავლეებს ექსპერიმენტამდე?
  • იცოდნენ თუ არა მოსწავლეებმა, რომ ეს იყო ექსპერიმენტი?
  • თქვენი აზრით, შეიცვალა თუ არა მათი ქცევა? რა შეიცვალა?
  • რატომ დარჩა სათვალე მეორე დღეს ერთ მოსწავლეს?
  • რამდენად იქონია გავლენა ექსპერიმენტმა გაკვეთილზე მათ სასწავლო შედეგზე?
  • რატომ გამოიწვია ექსპერიმენტმა ეს ცვლილებები მოსწავლეებში?
  • რა მოხდება, მსგავსი ექსპერიმენტი ერთ კლასში კი არა, უფრო ფართო მასშტაბით რომ ჩატარდეს?
  • ეს ექსპერიმენტი მესამე კლასელებთან ჩატარდა. თქვენი აზრით, თუ იქნება იგივე შედეგები უფროსებთანაც? (მსგავსი ექსპერიმენტები მსგავსი შედეგებით არის ჩატარებული უფროსებთანაც. დაინტერესებულებს შეგიძლიათ შეთავაზოთ ნახონ ცნობილი ფსიქოლოგის ფილიპ ზიმბარდოს გახმაურებული ექსპერიმენტის მიხედვით გადაღებული ფილმი „ექსპრიმენტი“[2], ან ფილმი „ექსპრიმენტი  2: ტალღა“[3],
  • რა კავშირშია ეს ფილმი და ექსპერიმენტი ჩვენი მეცადინეობის მიზანთან და დისკრიმინაციასთან?

მონაწილეებს გააცანით ძალადობის პირამიდა (ნახ.1)

 

ნახატი 1. ძალადობის პირამიდა

პირველი საფეხური: ზიზღთან მიახლოებული აქტები - იარლიყები, ხუმრობები, ჭორები, გრძნობების განხილვა თანამოაზრეებთან ერთად, უარყოფითი ინფორმაციის მიღება, დადებითი ინფორმაციის იგნორირება, გულგრილობის დემონსტრირება.

მეორე საფეხური:  წინა განსჯისა და შეუწყნარებლობის აქტები - განტევების ვაცის ძებნა/მისი გამოყოფა, დაცინვა, სოციალური იზოლაცია, დეჰუმანიზაცია.

მესამე საფეხური:  დისკრიმინაციის აქტები  - სექსუალური შევიწროვება, დისკრიმინაცია სამუშაოზე მიღებისას, საზოგადოებისგან მოკვეთა  , დისკრიმინაცია ოჯახში, დისკრიმინაცია განათლების სფეროში.

მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის შემდეგი საფეხური არის ძალადობა და შემდეგ უკვე გენოციდი.

III ეტაპი. რეფლექსია

კითხეთ მონაწილეებს, რა დასკვნები გამოიტანეს ჩვენი დღევანდელი მეცადინეობიდან?

დასკვნები სასურველია დაიწეროს ფლიფჩარტზე ან დაფაზე, რომ გამოვიყენოთ შემდეგ მეცადინეობაზე. თუ მონაწილეებს გამორჩათ, თქვენ შეახსენეთ წინა განსჯის და იარლიყების როლი დისკრიმანაციის პროცესში და შესაბამისი ფაქტები კაცობრიობის ისტორიიდან (ფაშიზმი, ანტისემიტიზმი, გენდერული უთანასწორობა, რასიზმი და ა.შ)

 

ნაწილი 2

I ეტაპი. გამოწვევა (პროვოცირება)

მონაწილეებს ვახსენებთ მეცადინეობის მიზნებს, რომელიც გავაცანით წინა შეხვედრაზე და ვთხოვთ, გაიხსენონ, რას ნიშნავს „სტერეოტიპი“ და „დისკრიმინაცია“. ასევე, ვთხოვთ, გაიხსენონ, რა დასკვნები გაკეთდა მეცადინეობის შეჯამებისას. ეს დასკვნები შესაძლოა გვქონდეს თვალსაჩინოდ გამოკრული, თუ კი წინა მეცადინეობის შემდეგ იმდენი დრო გავიდა, რომ შესაძლოა კარგად არ ახსოვდეთ.

 

II ეტაპი. ცოდნის კონსტრუირება

მონაწილეებს ვყოფთ 4-6 კაციან ჯგუფებად ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი მეთოდით (გათვლით, ფერადი ბარათებით ან სხვ). გასათვალისწინებელია, რომ უმჯობესია 4 კაციანი ჯგუფი, თუმცა მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა ამით მეტი დრო დაგვეხარჯოს სავარჯიშოს შესასრულებლად.

მას შემდეგ, რაც ჯგუფებმა დაიკავეს ცალ-ცალკე ადგილები ოთახში, ვუხსნით, რომ დღევანდელი სავარჯიშოს სახელია „დეტექტივობანა“ და შესაბამისად, თითოეული ჯგუფი წარმოადგენს დეტექტივების დამოუკიდებელ გუნდს. ისინი ერთგვარად ერთმანეთის კონკურენტებიც კი არიან, ამიტომ მუშობენ დამოუკიდებლად. დეტექტივების ამოცანაა, მოძებნონ პიროვნება მისი ნივთების მიხედვით და ამ ნივთების მიხედვით დაადგინონ ძებნილის რაც შეიძლება მეტი მახასიათებელი: სქესი, ასაკი, პროფესია, გარეგნობა, ინტერესები, ოჯახური თუ ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. შეუძლიათ ეს ნივთები აიღონ ხელში, საგულდაგულოდ დაათვალიერონ, ოღონდ შემდეგ ისევ უნდა დააბრუნონ, რადგან სხვა ჯგუფებმაც  შეძლონ მათი დათვალიერება.   გუნდებმა ნივთების მიხედვით უნდა იმსჯელონ არგუმენტებით და ამის შესაბამისად გააკეთონ დასკვნები ძებნილის მახასიათებლების შესახებ. თითოეულ ჯგუფს სამუშაოდ ეძლევა ერთი და იგივე დრო 20 ან 25 წთ. სასურველია, მას შემდეგ, რაც ექნებათ მონაცემები ძებნილის მახასიათებლების შესახებ, სადემონსტრაციოდ დახატონ მისი სავარაუდო პორტრეტიც.

დარწმუნდით, რომ მონაწილეებისთვის ინსტრუქცია გასაგებია და ამის შემდეგ ოთახის ცენტრში დააწყეთ „ძებნილის“ ნივთები. ნივთები აუცილებლად მოამზადეთ წინასწარ.  ნივთები სასურველია იყოს ერთი და იგივე ადამიანის და სასაურველია, მონაწილეები მას იცნობდნენ. შესაძლოა ეს იყოს თვითონ პედაგოგის ნივთებიც. მათი რაოდენობა საშუალოდ 5-7. მთავარია, იყოს ისეთი ნივთები, რაც შესაძლოა ადამიანს შემთხვევით თან ჰქონდეს და მათზე არ იყოს პატრონის შესახებ არანაირი მინიშნება, მაგ: შესაძლოა ეს იყო გასაღებების აცმა, კანფეტი, საღეჭი რეზინი, პატარა დანა-სუვენირი, ბრელოკი ან სულაც პატარა ნათურა (შესაძლოა ვინმემ ნიმუშისთვის თან წამოიღოს გადამწვარი ნათურა, რომ ისეთივე იყიდოს).

მუშაობის დროს მიდით ჯგუფებში და წაახალისეთ ისინი, რომ თითოეული ნივთის მიხედვით გააკეთონ დასკვნა მათი პატრონის შესახებ.

მსჯელობის და ნახატის დასრულების შემდეგ ჯგუფები სათითაოდ აკეთებენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ თავიანთ არგუმენტებსაც, როგორ გააკეთეს ესა თუ ის დასკვნა ნივთების მიხედვით.

პრეზენტაციების პარალელურად, სასურველია დაფაზე ან ფლიპჩარტზე გააკეთოთ შეჯამებები დასკვნების მიხედვით, მაგ: შესაძლო პროფესიები, ასაკი და ა.შ.

მოაწყეთ პორტრეტების თვალსაჩინო გამოფენაც.

ინსტრუქციის დაცვის შემთხვევაში აუცილებლად აღმოჩნდება, რომ „დეტექტივებმა“ გააკეთეს მკვეთრად განსხვავებული დასკვნები, მაგ, ზოგი ამტკიცებს, რომ ესაა ქალი, ზოგი კი - კაცი, ზოგი ამტკიცებს რომ მას აქვს დიაბეტი (ხშირად კანფეტის გამო აკეთებენ ამ დასკვნას) ან რომ მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ან უყვარს ბავშვები (ისევ კანფეტის გამო).

პრეზენტაციებს შესაძლოა თან ახლდეს ემოციური ან სახუმარო რეპლიკები. მიეცით მონაწილეებს ემოციების გამოხატვის საშუალება და შემდეგ დაუსვით შეკითხვები:

  • როგორ გრძნობდით თავს დავალების შესრულების პროცესში?
  • ხომ არ ქონდათ ჯგუფში რაიმე განსხვავებული დასკვნა, რომელიც საბოლოოდ არ დაფიქსირდა პრეზენტაციაში. ასეთის არსებობის შემთხვევაში დააფიქსირეთ დაფაზე შემაჯამებელ დასკვნებში;
  • რამდენად ადვილი/რთული იყო ნივთების მიხედვით მახასიათებლების მოძებნა?
  • რამდენად მსგავსი შედეგები დადეს დეტექტივებმა?
  • რამდენად შესაძლებელია, ამ დასკვნების მიხედვით ადამიანის ამოცნობა?
  • რომელი ჯგუფის დასკვნებია ლოგიკური და მართალი?

ამის შემდეგ მონაწილეებს განუცხადეთ, რომ შეგიძლიათ გააცნოთ ეს ადამიანი და უთხარით, ვისია ეს ნივთები. მიეცით მონაწილეებს ემოციების გამოხატვის საშუალება და შემდეგ გადადით რეფლექსიაზე.

 

III ეტაპი. რეფლექსია

მონაწილეებს დაუსვით შეკითხვები:

  • რატომ მოხდა, რომ ერთი და იგივე ნივთების მიხედვით გაკეთდა განსხვავებული დასკვნები?
  • რა კავშირშია ეს სავარჯიშო სტერეოტიპებთან?
  • რა სახის სტერეოტიპები არსებობს? (მიეხმარეთ მათ, შეძლონ სტერეოტიპების რანჟირება, მაგ: პროფესიასთან ან ეთნიკურობასთან დაკავშირებული, (პოლიტიკოსი - მატყუარა, ბალტიისპირელი - ნელი), გენდერული (ქალი - ცუდი მძღოლი), გარეგნობის (სათვალიანი - ჭკვიანი), ასაკობრივი (მოხუცები - კონსერვატორები);
  • რატომ იქონია თქვენზე გავლენა სტერეოტიპებმა?
  • რამდენად ახდენს გავლენას სტერეოტიპები ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
  • რამდენად შესაძლოა, ადამიანი საკუთარი სურვილის გარეშე აღმოჩნდეს დისკრიმინაციის პირამიდის პირველ საფეხურზე? (შეახსენეთ წინა მაცადინეობაზე განხილული ძალადობის პირამიდა);
  • რა შეიძლება იყოს ეფექტური სტატეგიები სტერეოტიპების ნეგატიური გავლენის დასაძლევად?

დასკვნები დააფიქსირეთ დაფაზე. წაახალისეთ მონაწილეები, შემოგთავაზონ კონკრეტული რეკომენდაციები, მაგ: სანამ ვინმეზე აზრი და დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდება, დავფიქრდეთ, ხომ არ ვართ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ;

  • წინა და დღევანდელი მეცადინეობიდან გამომდინარე, რამდენად გაიზარდა თქვენი მგრძნობელობა განხილული საკითხების მიმართ?

მონაწილეებთან ერთად გაიხსენეთ ორივე სავარჯიშოს მიზნები და შეაჯამეთ, რამდენად მიაღწიეთ მათ.

 

წყარო
  1. ჯეინ ელიოტის ექსპერიმენტი „ცისფერთვალები ყავისფერთვალების წინააღმდეგ“ Youtube: URL:https://www.youtube.com/watch?v=-IG0_lCuegE (თარიღი: 30.11.2017)
  2. „ექსპერიმენტი» (ფილმი) Youtube : [ვებგვერდი]. URL: https://www.youtube.com/watch?v=ce8VSHilXMQ (თარიღი:: 10.10.2017).
  3. „ექსპერიმენტი 2. ტალღა“(ფილმი) // Hdrezka : [ვებგვერდი]. URL: http://hdrezka.ag/films/foreign/2822-eksperiment-2-volna.html (თარიღი:: 10.10.2017).

 

დანართი

ჯეინ ელიოტის ექსპერიმენტის „ცისფერთვალები ყავისფერთვალების წინააღმდეგ“ შინაარსი

1 დღე. ცისფერთვალებიანები

გაკვეთილის დასაწყისში ელიოტმა სთხოვა შავკანიანებისა და ინდიელების აღწერა. "სულელი", "ზანგი", "ჩამორჩენილი" - დააყარეს მოსწავლეებმა რასისტული სტერეოტიპები. დარწმუნებული, რომ ტოლერანტობის ჩვეულებრივი გაკვეთილები არ იძლევა შედეგს, მან შესთავაზა თამაში. ბავშვები დათანხმდნენ.

ელიოტმა ბავშვებს უთხრა,   რომ ცისფერთვალებიანები უკეთესი, უფრო ჭკვიანი, უფრო პატიოსნები არიან, ვიდრე ყავისფერთვალებიანები. პირველები მან გადასვა წინა მერხებზე, ხოლო მეორენი - უკანა. ცისფერთვალებიანებმა მიიღეს დამატებით 5 წუთი შესვენებისთვის, ლანჩის ორმაგი პორცია, მოედნით სარგებლობის უფლება და მასწავლებლის შექება. ყავისფერთვალებიანებს აკრძალული ჰქონდათ ლურჯთვალებიანებთან თამაში და სასმელი წყლის შადრევნის გამოყენება. ისინი, როგორც კეთროვანები, სვამდნენ ჭიქიდან და შესვენების დროს იდგნენ მოედნის განაპირას. გარდა ამისა, ყველა ყავისფერთვალას გაუკეთეს ფერადი საყელოები.

რამდენიმე საათის შემდეგ, კლასი გადაიქცა არსებული საზოგადოების მინიატურულ მოდელად. ლურჯთვალები დასცინოდნენ ყავისფერთვალებს, ეჩურჩულებოდნენ მათზე მასწავლებელს, ეჩხუბებოდნენ სკოლის მოედანზე. ყავისფერთვალები გახდნენ მორიდებული და გაუბედავები.

ყავისფერთვალას შთაბეჭდილებებიდან: "ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღე", "როცა ასე გეპყრობიან, ყველაფრის გაკეთების სურვილი გიქრება ", "ქალბატონმა ელიოტმა განაწყო ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენს წინააღმდეგ".

მე-2 დღე. ყავისფერთვალებიანები

ელიოტმა განაცხადა, რომ იგი შეცდა და რომ ყავისფერთვალები არიან უკეთესნი, ვიდრე ლურჯთვალები. მან ყავისფერთვალებს დაავალა გაეკეთებინათ საყელოები ლურჯთვალებისთვის და მათაც სიხარულით გააკეთეს ეს.  ჯგუფების ქცევა იყო სარკისებურად მსგავსი.

ლურჯთვალებიანების მოგონებებიდან: "მე ვიყავი,როგორც მოკლე საბამზე დაბმული ძაღლი", "მე თითქოს ციხეში ჩამსვეს", "მე არასოდეს მიგრძვნის თავი ასე საძაგლად".

ელიოტმა აღნიშნა მოსწავლეთა  დამოკიდებულების კავშირი მათ სასწავლო შედეგთან. მესამე კლასის მოსწავლეები ასრულებდნენ დავალებას დროში. შედეგები:

  • ლურჯთვალებიანები: პირველი დღე— 3 წუთი, მეორე დღე — 4 წუთი და 18 წამი;
  • ყავისფერთვალებიანები: პირველი დღე— 5 წუთი, 30 წამი;მეორე დღე — 2 წუთი, 30 წამი;.

 ამგვარად, მასწავლებლის კლასისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ზრდის მოსწავლეთა შედეგებს.

სასწავლო დღის დასასრულს ელიოტმა ნება დართო მოეხსნათ საყელოები   და ერთად განიხილეს, რაც მოხდა. მოსწავლეებმა საკუთარ თავზე განიცადეს დისკრიმინაციის უსამართლობა და დესტრუქციულობა. ისინი  მზად იყვნენ მიეღოთ სხვა რასისა და კულტურის წარმომადგენლები.