მეცადინეობა 3. ახალგაზრდული პროექტების განხორციელება ადგილობრივი თემის ჩართულობით

მეცადინეობის მიზნები: 

  1. მონაწილეებმა განივითარონ მეწარმეობის კომპეტენცია და  პრობლემის გადაჭრის უნარი:
  2. გაეცნონ პროექტის დაგეგმვის ეტაპებს, შეძლონ, გაიაზრონ პრობლემის არსი, გაანალიზონ რეალური სიტუაცია და დასახონ მოგვარების ეფექტური გზები.

საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:

  • დაფა, ფლიპჩარტი და ა.შ;
  • სასურველია უკვე განხორციელებული პროექტის ფოტოების ჩვენება (იხ. დანართი).

 საჭირო დრო:მეცადინეობის ორი 45 წუთიანი ნაწილი, სულ - 90 წუთი.

ზოგადი რეკომენდაცია მოდერატორს/ტრენერს

  • მეორე მეცადინეობის ნაწილი შეიძლება გამოიყენოთ საშინაო დავალებად. ეს დაგიზოგავთ საკონტაქტო დროის 10-15 წუთს;
  • მონაწილეების რეკომენდირებული ასაკი - არა ნაკლებ 14 წელი. უმცროსი მონაწილეების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს 15-25 წუთით მეტი დრო.

 ტერმინები

დაინტერესებული მხარეები (stakeholders) —ყველა პირი ან ორგანიზაცია:

  • რომელთაც აქვთ გავლენა პროექტის განხორციელებაზე ან
  • პროექტის განხორციელებას აქვს პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მათ ინტერესებზე.

მეწარმეობა (entrepreneurship) - ინდივიდის უნარი,იდეები აქციოს საქმედ.ის მოიცავს, როგორც შემოქმედებითი მიდგომის, ინოვაციისა და რისკის უნარებს, ასევე დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარს. ის ეხმარება ყველას ყოველდღიურ ცხოვრებაში,ოჯახსა თუ საზოგადოებაში.  Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი - საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის : ევროპული ჩარჩო ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციები; ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC) - თბ. : სიესტა, 2006.(თარიღი: 27.10.2017წ) http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6846

პროექტი — არსებობს ბევრი განმარტება, მაგ:

  • გერმანია, სტანდარტი DIN 69901.პროექტი - ეს არის პროექტი განზრახვა, რაც დიდწილად ხასიათდება პირობების ერთობლიობის უნიკალურობით, მაგალითად: მიზნის დასახვა; დროითი, ფინანსური, ადამიანური და სხვა შეზღუდვები; სხვა განზრახვებისგან განსხვავებულობა; პროექტისთვის სპეციფიური განხორციელების ორგანიზება;
  • ფილ ბეგიული. პროექტი - ეს არის ურთიერთდაკავშირებული მოვლენების თანმიმდევრობა, რომელიც მიმდინარეობს განსაზღვრული  შეზღუდული დროის  განმავლობაში და მიზნად ისახავს უნიკალური, მაგრამ ამავე დროს გარკვეული შედეგის მიღწევას.

მეცადინეობის მიმდინარეობა

 ნაწილი 1

I ეტაპი. გამოწვევა (პროვოცირება)

გააცანით მონაწილეებს მეცადინეობის მიზნები და კითხეთ,  რას გააკეთებდნენ (რას შეცვლიდნენ), რომ ჰქონდეთ გარკვეული თანხა ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერა. პასუხები ჩამოწერეთ დაფაზე. კითხეთ მათ, შედგებოდა თუ არა ეს პროექტი, თუ ექნებოდათ საქმიანობების კონკრეტული გეგმაც იმის მისაღწევად, რაც დაფაზე წერია. 

გააცანით მონაწილებს „ძვლის დიაგრამა“ (ნახ. 1) და ამ დიაგრამის მიხედვით აუხსენით პროექტის არსი. ხაზი გაუსვით, რომ პროექტი არის გეგმა, რომლის მიხედვითაც არსებული სიტუაცია გვინდა გადავაქციოთ სასურველად.

ნახ.1 სქემა „ძვალი“

+ რა გვეხმარება?

‒ რა გვიშლის ხელს?

 

ჰკითხეთ მონაწილეებს:

  • თუ გაუგიათ რაიმე ადგილობრივი თემის ჩართულობით განხორციელებული ახალგაზრდული პროქტების შესახებ, ან თვითონ თუ აქვთ მსგავსი გამოცდილება?
  • მათი აზრით, რამდენად შესაძლებელია, თვითონ მოსარგებლეები (ბენეფიციარები) და თემის ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი პროექტის შექმნასა ან განხორციელებაში? (თუ გაუჭირდებათ, დაუსახელეთ მაგალითები.)
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი პროექტები? (ხაზი გაუსვით, რომ თემმა იცის საკუთარი საჭიროებები და ასევე, რომ ახალგაზრდები გამოიმუშავებენ აქტიური მოქალაქეობის უნარ-ჩვევებს, რაც სამომავლოდ გაცილებით ბევრს მოუტანს სარგებელს)

 

აქედან გამომდინარე, კითხეთ მათ, თავიანთ თემში, კონკრეტულ გარემოში, რა კონკრეტული სიტუაციის შეცვლა სურთ და რა იქნება სასურველი შედეგი. წაახალისეთ, რომ მათი ვერსიები არ ეხებოდეს ზოგადსაკაცაბრიო და გლობალურ პრობლემებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თემში დასასვენებელი სკვერის ან სპორტული მოედნის აღდგენის საჭიროება, მოსახლეობა არ უფრთხილდებოდეს გარემოს (ეკოლოგიას), იყენებდნენ არაჯანსაღ საკვებ პროდუქტს, დისკოთეკის დარბაზს არ აქვს დამაკმაყოფილებელი ხმის იზოლაცია და წუხდება მოსახლეობა  და ა.შ. დააფიქსირეთ დაფაზე რამდენიმე პასუხი.

მიეცით მონაწილეებს საშუალება, მოსინჯონ „ძვლის“ სქემის გამოყენება მცირე ჯგუფებში ან ერთობლივად გონებრივი იერიშის მეთოდით. აუხსენით მათ, რომ სასურველი სიტუაცია უნდა იყოს რეალისტური და მიღწევადი.

 მონაწილეები ასაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია პროექტების განხორციელებისთვის  სხვების მხარდაჭერა ან სხვებზე გავლენის მოხდენა. ამის შემდეგ გააცანით, რას ნიშნავს დაინტერესებული მხარეები და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? აუხსენით, რომ ასწავლით დაინტერესებული მხარეების ანალიზის ტექნიკას.  ეს ტექნიკა გამოადგებათ ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, საქმიანობების ეფექტურად დაგეგმვის პროცესში და შეძლებენ მოახდინონ პროცესებზე გავლენა.

II ეტაპი. ცოდნის კონსტრუირება

 მონაწილეები დაყავით მცირე ჯგუფებად და თხოვეთ, აირჩიონ დაფაზე ჩამოწერილი საკითხებიდან ერთ-ერთი ან სხვა ახალი სათემო პრობლემა, რაზეც იმუშავებენ ჯგუფში.

პირველ ეტაპზე თხოვეთ, ჩამოწერონ 3-5 დაინტერესებული მხარე.

გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითს ქართული სოფლის რეალობიდან.  უფროსკლასელმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ თემში ჭირდებათ ჰქონდეთ საბავშვო დასასვენებელი სკვერი, საბავშვო საქანელებით და სასრიალოებით, რომლითაც უფროსებიც ისარგებლებენ თავისუფალ დროს. ეს იქნებოდა მოსახლეობის თავშეყრის ადგილიც და აქ შეეძლებოდათ სოფლის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაც.

ამ შემთხვევაში დაინტერესებული მხარეები იყვნენ:

  • სოფლის ბავშვები - ისინი ისარგებლებდნენ საქანელებით და ქვიშის მოედნით;
  • მათი მშობლები - იყვნენ დაინტერესებული ამ საკითხით;
  • ადგილობრივი ხელისუფლება - მათ შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება, რასაც გავლენა ექნებოდა პროცესზე;
  • სოფლის მოსახლეობა - შეეძლოთ თავიანთი გარკვეული წვლილი შეეტანათ პროცესში;
  • დონორი ორგანიზაციები/ფონდები, რომლებიც მუშაობენ სათემო ან ახალგაზრდობის პრობლემებზე - მათ შეეძლოთ მცირე გრანტის გამოყოფა.

მას შემდეგ, რაც მონაწილეები ჩამოწერენ  თავიანთი საკითხით დაინტერესებულ მხარეებს, თხოვეთ მათ, თითოეული მხარისთვის გაარკვიონ მათი ინტერესი ან შესაძლო გავლენა პროცესზე. ნიმუშისთვის დაფაზე თვალსაჩინოდ აჩვენეთ როგორ კეთდება ეს კონკრეტული მაგალითით, ცხრ. #1 ,

ცხრილი 1

 დაინტერესებული მხარეების ანალიზი

დაინტერესებული მხარე

ინტერესი

გავლენა

ქულა

შენიშვნა

ქულა

შენიშვნა

ბავშვები

1

დიდად ვერ აცნობიერებენ საკუთარ ინტერესს

0

 

 

ბავშვების მშობლები

5

 

1

 

 

ადგილობრივი ხელისუფლება

1

 

5

ტერიტორიის მფლობელია და რესურსიც მეტ-ნაკლებად აქვს

სოფლის მოსახლეობა

2

 

3

შეუძლიათ ჩაერთონ სამონტაჟო და სხვა საქმიანობებში. აქვთ გარკვეული რესურსიც

დონორი ორგანიზაციები/ფონდები

3

მუშაობენ თემის პრობლემებზე

4

შეუძლია რესურსის - გრანტის გამოყოფა

შემდეგ აჩვენეთ, როგორ შეიძლება შედეგების გადატანა დიაგრამაზე (ნახ.2), სადაც ერთ მიმართულებაზე უნდა მონიშნონ დაინტერესებული მხარის  ინტერესი, ხოლო მეორეზე -  დაინტერესებული მხარის გავლენა პროცესზე. რაც უფრო მაღალია ინტერესი ან გავლენა, მით უფრო მეტად იქნება დაშორებული  0-დან. ორივე მონაცემის გადაკვეთის წერტილზე აღნიშნონ შესაბამისი  მხარეები.  ვარსკვლავით მონიშნულია დაინტერესებული მხარის სასურველი (“იდეალური“) პოზიცია მაქსიმალური ინტერესითა და გავლანით.

ნახატი2. დაინტერესებული მხარეების ანალიზის დიაგრამა

აუხსენით მონაწილეებს, რომ ეს მონაცემები განსხვავებულია ყველა თემისთვის და მნიშვნელოვანია სწორედ თემის წევრების ჩართულობა ამ მონაცემების განსაზღვრაში.

იგივე კონკრეტულ მაგალითზე აჩვენეთ, როგორ ივსება ცხრილი #2 და თხოვეთ, იმავე ჯგუფებში განსაზღვრონ, რა იქნება ეფექტური სტრატეგიები მათ შემთხვევაში. უფრო მოსახერხებელია, შეავსონ ცხრილი #2  თავიანთი კონკრეტული შემთხვევისთვის (შეიძლება ცხრილის გარეშეც).

ცხრილი 2

სამოქმედო სტრატეგიების განსაზღვრა 

დაინტერესებული მხარე

ეფექტური სტრატეგია

კონკრეტული საქმიანობა

1

ბავშვები

არ იქნება ეფექტური მათზე გავლენა, რადგან მათი ინტერესიც და გავლენაც უმნიშვნელოა

2

ბავშვების მშობლები

მათ ინტერესზე დაყრდნობით პროცესზე გავლენის გაზრდა

დავეხმაროთ და  ვასწავლოთ, როგორ შეიძლება მიმართონ დახმარებისთვის ხელისუფლებას

3

ადგილობრივი ხელისუფლება

ინტერესის გაზრდა. გააცნობიერონ, რომ მოსახლეობის კმაყოფილება მათთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნებზე

ახალგაზრდების შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თემის ხელმოწერებიანი განცხადების გადაცემა მათთვის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ და ახსნა, რომ არჩევნების წინ ეს წაადგება ხელისუფლებას

4

სოფლის მოსახლეობა

პროცესისადმი მათი ინტერესის გაზრდა (გააცნობიერონ, რა სარგებელს მოუტანთ სკვერი) 

უფროსკლასელები ინაწილებენ მისამართებს, ხვდებიან და ესაუბრებიან მეზობლებს, უხსნიან, რა სარგებელს მოუტანს სკვერი მთელ სოფელს. არწმუნებენ მათ, რომ ხელი მოაწერონ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიმართვას ტერიტორიის გადმოცემის შესახებ. ასევე, ეხმარებიან გააცნობიერონ, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ მთელ სოფელს და რა რესურსები შეიძლება გამოყონ საერთო საქმისთვის.

5

დონორი ორგანიზაციები/ფონდები

პროცესისადმი მათი ინტერესის გაზრდა.

უფროსკლასელები (სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები) მონაწილეობენ საგრანტო კონკურსში

 

III ეტაპი. რეფლექსია

მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ შედეგებს.  პრეზენტაციების დროს სხვა ჯგუფებს თხოვეთ, რომ წარმოიდგინონ თავი ექსპერტების როლში და დააკვირდნენ, რამდენად დაემთხვევა მათი აზრი პრეზენტატორებისას. შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ რეკომენდაციები. 

აუხსენით მონაწილეებს, რომ ამის შემდეგ უკვე ძალიან ადვილია სტრატეგიის მიხედვით ისეთი ეფექტური საქმიანობების დაგეგმვა, რაც შედეგს მოგვცემს. 

შეაჯამეთ მუშაობა და თხოვეთ მონაწილეებს, გამოთქვან აზრი: რამ დააინტერესათ მეცადინეობის დროს? რა გაიგეს ახალი? რაში გამოიყენებენ დღევანდელი მეცადინეობის შედეგებს?

 ნაწილი 2 (გაგრძელება)

I ეტაპი. გამოწვევა (პროვოცირება)

აუხსენით მონაწილეებს, რომ არსებობს უკვე აპრობირებული ტექნიკებიც, როგორ დაიგეგმოს საქმიანობები ეფექტურად. გააცანით მონაწილეებს „5 W“ (ნახ.3)

 

ნახატი 3. ეფექტური დაგეგმვა „5 W“ საშუალებით

 (ზოგი ავტორი ამატებს მეექვსე კითხვასაც - „როგორ“). აუხსენით მონაწილეებს, რომ ყოველი აქტივობის დაგეგმისას მათ უნდა გასცენ პასუხი „5 W“-ს.

II ეტაპი. ცოდნის კონსტრუირება

ამის შემდეგ მეცადინეობა შეიძლება ჩატარდეს ორგვარად:

  • შესაძლებელია საქმიანობების დაგეგმვა მივცეთ საშინაო დავალებად. ამ შემთხვევაში შემდეგი მეცადინეობის პირველი ნაწილი დაეთმობა, რომ იმავე მცირე ჯგუფებში გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, შეაჯამონ და მოამზადონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა;
  • მონაწილეები იმავე ჯგუფებში აგრძელებენ მუშაობას და არკვევენ, რა კონკრეტული საქმიანობები იქნებოდა ეფექტიანი მათი მიზნის მისაღწევად. მათი დავალებაა, იმსჯელონ და მოამზადონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

 

III ეტაპი. რეფლექსია

პრეზენტაციების შემდეგ გააკეთეთ უკუკავშირი თითოეულ პროექტზე. გამოყავით მისი ძლიარი მხარეები და დაუსვით შეკითხვები, რომ შეძლონ სუსტი ადგილების გაუმჯობესება.

შეახსენეთ მონაწილეებს მეცადინეობის მიზნები და თხოვეთ შეაჯამონ, რა ახალი ცოდნა და უნარები მიიღეს? კითხეთ, ვისთვის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?     რაში  და როგორ დაეხმარებათ ეს მომავალში?

მაგალითის სახით შეგიძლიათ გააცნოთ ერთ-ერთი სოფლის სკოლის მოსწავლეების პროექტის შედეგები, რომელიც ნიმუშის სახით გამოიყენეთ პირველ მეცადინეობაზე. მოსწავლეებმა შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას. პარალელურად, კონსულტანტის დახმარებით, დაწერეს პროექტი და მოიგეს მცირე გრანტი. გრანტის ბიუჯეტით მათ შეიძინეს ტერიტორიის შემოსაღობი მასალა. მოსახლეობამ მისცეს მოსწალეებს საღებავები, ფიცრები, ძველი ჯამები, გაცვეთილი საბურავები. მშობლებმა ჩაატარეს სამონტაჟო სამუშაოები. გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ მოსწავლეებს გამოუყო ხის ნერგები. მოწყობილი მოედნის გახსნაზე მოიწვიეს ყველა დაინტერესებული მხარე და მედიის წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურნი  კმაყოფილნი დარჩნენ შედეგით, გაესაუბრნენ მოსახლეობას და საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტეს, სწრაფად  დაამონტაჟონ ახალ სკვერში ღამის განათებაც და არჩევნებამდე გამოუყონ პროექტის მონაწილეებს ახალი ტერიტორიაც სკვერის გასადიდებლად. სკვერის ფოტოები იხილეთ დანართში.